აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ფრანგულ მხარეს, რომელიც თავს წარმოაჩენს, რომ ესწრაფვის კონფლიქტის დარეგულირებას, არასოდეს დაუგმია სომხეთი უკანონო საოკუპაციო პოლიტიკისთვის
ფრანგულ მხარეს, რომელიც თავს წარმოაჩენს, რომ ესწრაფვის კონფლიქტის დარეგულირებას, 30 წლის განმავლობაში არასოდეს დაუგმია სომხეთი უკანონო საოკუპაციო პოლიტიკისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, სომხურ მხარეს ჯერ არ გაუყვანია შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, არ შეუწყვეტია რვა აზერბაიჯანული სოფლის ოკუპაცია და აგრძელებს სამხედრო-პოლიტიკურ პროვოკაციებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის მიერ საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის შექმნაში ჩარევა, რაც ქვეყნის შიდა საქმეა, ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ასევე, სრულიად არასწორია ამ პუნქტის, რომელიც დაარეგულირებს საზღვარზე შემოსვლა-გამოსვლის რეჟიმს, შექმნის გზის ჩაკეტვად შეფასება. მიკერძოებული მიდგომების გამოვლენის ნაცვლად, უფრო სასარგებლო იქნებოდა, თუ ფრანგული მხარე დაარწმუნებდა სომხეთს, შეასრულოს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები და შეწყვიტოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთში ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ თქვა, რომ მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე, შესაძლოა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართოს.