აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთი ახალი აგრესიისთვის ემზადება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „სომხეთი ახალი აგრესიისთვის ემზადება“. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „ტრენდი“ აქვეყნებს.
„წამქეზებლური განცხადებები, რომლებსაც თან ახლავს აგრესიული სამხედრო მოქმედებები, სამხედრო და სხვა პროვოკაციები, მეტყველებს იმაზე, რომ სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის ემზადება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყება აღნიშნავს, „სომხეთის მიერ ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის დროს ჩადენილმა პროვოკაციებმა სერიოზულად დააზარალა კონფლიქტის დარეგულირების პროცესი და რეგიონში დაძაბულობა გაზარდა“.
სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ კი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, რომ აიძულონ სომხური მხარე, უარი თქვას ახალ აგრესიაზე.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში ოფიციალურმა ბაქომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს გარდაცვალების შესახებ განაცხადა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ერევანს დააკისრა. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანული მხარის ბრალდებებს უარყოფს.