აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს მოუწოდებს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს მოუწოდებს, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, საფრანგეთის მოქალაქის დაუსაბუთებლად დაკავების შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ეს განცხადება არის რეალობის დამახინჯება, აზერბაიჯანის საშინაო საქმეებსა და ლეგიტიმური გამოძიების პროცესში ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა.

„საფრანგეთის მოქალაქის მიმართ ზომების მიღებისას აზერბაიჯანულმა მხარემ სრულად დაიცვა ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო ვალდებულებები. ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ მას საფრანგეთის საელჩოს საკონსულო თანამშრომლები რამდენჯერმე ესტუმრნენ და სისხლის სამართლის საქმეს სრულად გაეცნენ“, – განაცხადა აიხან ჰაჯიზადემ.

9 იანვარს საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ ფრანგულ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანმა ჯაშუშობის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, საფრანგეთის საგარეო დაზვერვასთან იყო კავშირში.