აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ნეოკოლონიალისტური პოლიტიკის გამგრძელებელი საფრანგეთი თავს წარმოაჩენს, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი
ნეოკოლონიალისტური პოლიტიკის გამგრძელებელი საფრანგეთი თავს წარმოაჩენს, როგორც „ადამიანის უფლებათა დამცველი“, – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციით, „საფრანგეთი, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ნეოკოლონიალიზმს და ყურადღებას არ აქცევს ადამიანის უფლებებს თავისი კოლონიალური პოლიტიკის ფარგლებში, დღეს თვალთმაქცურად წარმოაჩენს თავს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის დამცველად“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთი, რომელიც აგრძელებს უსაფუძვლო პრეტენზიებს თავისი ნეოკოლონიალისტური ამბიციებით, განწირულია წარუმატებლობისთვის.
„დღეს, იმის ნაცვლად, რომ აიღოს პასუხისმგებლობა თავის კოლონიურ წარსულზე, სისხლიან კოლონიურ დანაშაულებზე, გენოციდის აქტებზე და ისწავლოს ისტორიიდან, საფრანგეთი მხარს უჭერს სომხურ სეპარატიზმს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში, ცდილობს, შექმნას გეოპოლიტიკური კონკურენცია სამხრეთ კავკასიაში და გამოიყენოს თავისი ცნობილი, ორიენტალიზმზე დაფუძნებული ნეოკოლონიალისტური პრაქტიკა რეგიონში, რაც თანაბრად საშიში და მიუღებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.