აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სწრაფი დელიმიტაციის მომხრეა
აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სწრაფი დელიმიტაციის მომხრეა. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ონა“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. თავის მხრივ აზერბაიჯანი ამისთვის მზად არის. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი წყდება საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, ასევე ურთიერთკოორდინაციის ფარგლებში ორმხრივ ფორმატში. ტარდება სახელმწიფო კომისიის სხდომები. ამ დროისთვის ჩატარებულია 11 ამგვარი სხდომა. საერთო ჯამში, სახელმწიფო საზღვრის 480 კილომეტრიდან 314 შეთანხმებულია სახელმწიფო კომისიის ფარგლებში. საზღვრის 166 კილომეტრს კი ექსპერტების დონეზე სწავლობენ“, – განაცხადა აბდულაევამ.
ამასთან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობიან, არის 1938 წლის რუკა მასშტაბით 1:500000.
„ეს რუკა არის დოკუმენტი, რომელიც მიიღეს აზერბაიჯანის და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებმა. 1942 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფრო მკაფიო რუკის შექმნის შესახებ მასშტაბით 1:100000. ამას გარდა, არსებობს რუკა, რომელიც 1963 წელს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის დონეზე დელიმიტაციის საკითხის განხილვისას ამ რუკას ეყრდნობიან. ამ დრომდე ამასთან დაკავშირებით პორბლემები არ ყოფილა“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.