აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრისას ილია დარჩიაშვილს მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა
2024 წლის 9 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, ჯეიჰუნ ბაირამოვმა კოლეგას საქართველოს ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად ხელახლა დანიშვნა მიულოცა და საპატიო თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმდინარე გეგმები, პერსპექტივები. მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ საკითხებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.