აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - საზღვრების დადგენის საკითხზე სომხეთს ორმხრივ მოლაპარაკებებს ვთავაზობთ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - საზღვრების დადგენის საკითხზე სომხეთს ორმხრივ მოლაპარაკებებს ვთავაზობთ

სომხეთთან არსებული საზღვრის გასწვრივ აზერბაიჯანი სასაზღვრო კონტროლის ინფრასტრუქტურას ქმნის. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე სომხურ მხარეს ორმხრივი დისკუსიების დაწყებას ვთავაზობთ. ამ თემაზე აზერბაიჯანი დადებითი რეაქციის მოლოდინშია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა „შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 43-ე შეხვედრაზე განაცხადა.

ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანის მიმართ სიძულვილი, რასაც თან ახლავს სომხეთში რევანშისტული რიტორიკა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„სომხეთში მმართველი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან აზერბაიჯანის საწინააღმდეგო განცხადებები საფრთხეს უქმნის ურთიერთობების ნორმალიზების მყიფე პროცესს. სომხურმა მხარემ საბოლოოდ უნდა შეასრულოს, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, აგრეთვე სამმხრივი შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და წარადგინოს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები, დამატებითი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ბაირამოვმა.