აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სახმელეთო გზით აზერბაიჯანისა და ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირება რეგიონის ქვეყნების ინტერესებს აკმაყოფილებს
სახმელეთო გზით აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირება რეგიონის ქვეყნების ინტერესებს აკმაყოფილებს. აღნიშნულის შესახებ, როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილ სამმხრივ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არის ისტორიული ნაბიჯი სახმელეთო გზით ნახიჩევანისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გასაერთიანებლად. ის ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა ბაირამოვმა.
მისი თქმით, ამ სამმხრივი განცხადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულებაა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დაჟინებული მოთხოვნით შეტანილი პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ნაწილთან ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ურთიერთობებს ამყარებს.
„განცხადების ხელმოწერის შემდეგ ეს დებულება, რომლის თავიდან არიდებასაც სომხური მხარე ცდილობდა, ეკონომიკური თვალსაზრისით, რეალურად აკმაყოფილებს რეგიონის ქვეყნების ინტერესებს“, – აღნიშნა ბაირამოვმა.