აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

ჰაჯიევი სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ეგიდით ბაქოში მიმდინარე გლობალურ ფორუმზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებს ეხებოდა.

„კონფლიქტი აღარ არის. აზერბაიჯანი მუშაობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, მათ შორის ზანგეზურის დერეფნის. აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ინიციატივით გამოვიდა. ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას. ამგვარი რამ გვხვდება საერთაშორისო პრაქტიკაში, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ დარეგულირებულა. ამის შესახებ სომხური გამოცემა „ნიუს ამი“ წერს.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ დარეგულირებულა. ძალის გამოყენება არა მხოლოდ ვერ გადაწყვეტს მას, არამედ ასევე ვერ გაიყვანს ყარაბაღის კონფლიქტს საერთაშორისო დღის წესრიგიდან“, – განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა ვაგან უნანიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატით მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად „მხარეებისთვის ცნობილი პრინციპებისა და ელემენტების საფუძველზე, მათ შორის ერების თვითგამორკვევის უფლების“.