აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი, მხატვარი ლეილა ალიევა თბილისში - კლიმატური ცვლილებები ტილოზე
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი, მხატვარი ლეილა ალიევა თბილისში - კლიმატური ცვლილებები ტილოზე

ბუნების ამბავს ყველაზე კარგად ხელოვნება ყვება. ნახატებით მოთხრობილმა კლიმატური ცვლილებების, ეკოლოგიური პრობლემებისა და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ამბავმა თბილისამდეც მოაღწია. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა საზოგადოებრივ გაერთიანება IDEA-სთან ერთად საქველმოქმედო საგამოფენო პროექტ LIVE LIFE-ს უმასპინძლა, რომლის ინიციატორი, იდეის ავტორი და ერთ-ერთი მონაწილე მხატვარი და გარემოს დამცველი ლეილა ალიევაა.

11 თანამედროვე აზერბაიჯანელი და ქართველი მხატვრის ტილოები და ინსტალაციები ერთ სივრცეში მსოფლიოში არსებულმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა გააერთიანა: ლეილა ალიევა, ოლეგ ტიმჩენკო, დავით ალექსიძე, გიგა კობიძე, დავით „დანტე“ მჭედლიშვილი, მარიამ ალაქბარლი, რახიმ ჩოპუროვი, აილალ ჰეიდაროვა, ტიმურ ოზდამიროვი, ნაილა სულთანი და ფიდან ნოვრუზოვა.

გამოფენას თან ერთვის ინფორმაცია მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, ხოლო ციფრები ფლორასა და ფაუნას განადგურების საფრთხეს ასახავს.

ლეილა ალიევას აღმოსავლური ორნამენტებით შესრულებული ნახატების გასწვრივ კედელზე წერია, რომ დღეს მსოფლიოში 100 ათასი აზიური სპილოდან 35 ათასი დარჩა, მილიონი აფრიკული სპილოდან კი მხოლოდ 500 ათასი.

მხატვარი, გარემოსდამცველი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი ლეილა ალიევა კლიმატური ცვლილებების საკითხით წლების წინ დაინტერესდა. 2012 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში გამართულ საქველმოქმედო კამპანია The Big Egg Hunt-ში, რომელიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად.

ლეილა ალიევას ნახატებში ცხოველების, ფრინველებისა და თევზების გამოსახულებები ჭარბობს, რომლებიც აღმოსავლური ორნამენტებითა და ბროწეულებით არიან გარშემორტყმულნი. პროექტ LIVE LIFE-ის სიმბოლურ ლოგოდ სწორედ ბროწეულები იქცა.

„მე მჯერა, რომ ტყეს აქვს სული და ეს სული ალბათ გოგოა“, – თქვა გამოფენის მონაწილე მხატვარმა ოლეგ ტიმჩენკომ პირველ არხთან საუბარში.

თანამედროვე ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრის ნახატები, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა, ბუნების ენაზე მეტყველებს.

პეიზაჟების და ნატურმორტების დრო დასრულდა, ახლა სირთულეებზე საუბრის და მხილების დროა. მხატვარი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ თანამედროვე ხელოვნების მისია თანამედროვე სამყაროში სწორედ პრობლემების წარმოჩენაა.

„ხელოვნება ერთადერთი რამ არის, რაც სრულად იძლევა საშუალებას ფერწერულად, თუ გრაფიკულად, თუ პერფორმანსით გამოხატოს ხელოვანმა პროტესტი ან ილაპარაკოს პრობლემაზე“, – თქვა მხატვარმა ზურაბ ჯაფარიძემ.

დაბინძურებული წყლები, დაბინძურებული ჰაერი, გადაშენების პირას მყოფი ბიომრავალფეროვნების სახეობები – ეს ის თემებია, რომელიც თერთმეტმა მხატვარმა ტილოებზე სრულიად განსხვავებული ხედვით, განსხვავებულ გარემოში, განსხვავებული სტილით დახატა. ბერლინის, ლონდონის, პარიზის, მოსკოვისა და ბიენალეს ფესტივალის შემდეგ საგამოფენო პროექტი LIVE LIFE თბილისში ჩამოვიდა, ქალაქში, რომელიც კვლევების თანახმად, ევროპაში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ მეგაპოლისს წარმოადგენს.