ბაქო უარყოფს ე.წ. ლაჩინის დერეფნის გახსნისა და რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთის ყარაბაღში ჩატანის საკითხზე შეთანხმებას
ბაქოში აცხადებენ, რომ არაფერი აქვთ საერთო ყარაბაღში რუსეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გატარებასთან და გზების გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებთან.
საუბარია ე.წ. ლაჩინის დერეფანზე, რომელიც არის ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ერევანში ამტკიცებენ, რომ ამ დერეფანში ტვირთს ბაქო არ ატარებს და შედეგად, ყარაბაღში ჰუმანიტარული ვითარება გაუარესებულია.
ბაქოში ყარაბაღის ბლოკადას კატეგორიულად უარყოფენ. 9 სექტემბერს სომხურმა მედიამ, არაღიარებული ყარაბაღის მთავრობაზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიღწეულია შეთანხმება ყარაბაღში რუსული ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის შესახებ, ქალაქ ასკერანზე გამავალი გზით, ასევე ე.წ. ლაჩინის დერეფნით, რუსი სამხედროებისა და წითელი ჯვრის დახმარებით, ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილების განახლების შესახებაც. როგორც მედია წერს, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავდა, რომ არაღიარებული ყარაბაღის რეჟიმი, 20 წლის შემდეგ პირველად დათანხმდა, გაეტარებინა ჰუმანიტარული ტვირთი ბაქოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ამას მრავალი წელია, ითხოვდა აზერბაიჯანის ხელისუფლება.
თუმცა, მოგვიანებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმატ ჰაჯიევმა გზების გახსნასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. მისი თქმით, ე.წ. ლაჩინის დერეფნით ტვირთის გადაადგილება იქ აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი სასაზღვრო გამშვები და საბაჟო პუნქტის გავლით უნდა მოხდეს.
მისივე განმარტებით, რუსეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის ყარაბაღში გაგზავნის საკითხს არაფერი აქვს საერთო ე.წ ლაჩინის დერეფნის გახსნასთან.
„რუსული წითელი ჯვრის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის საკითხი ცალკე მოლაპარაკების თემაა და ის არ უნდა ავურიოთ აღდამ-ხანკენდის და ლაჩინი- ხანკენდის გზის გახსნასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტვირთების გადასატანად“, – წერს „ტვიტერში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე.
ჰაჯიევი ასევე წერს, რომ ბაქო ჯერ კიდევ პირველ სექტემბერს გამოდიოდა ინიციატივით, ერთდროულად აღდგენილიყო ტვირთის გადაადგილება ე.წ. ლაჩინის დერეფნით და აღდამი-ხანკენდის მარშრუტით. თუმცა, მისივე თქმით, ყარაბაღის არაღიარებულმა რეჟიმმა ეს წინადადება არ მიიღო. აზერბაიჯანის „წითელი ნახევარმთვარის“ ორგანიზაცია იუწყებოდა, რომ 9 სექტემბერს რუსეთმა გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი აღდამის გავლით. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ტვირთმა გადაკვეთა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარი, რის შემდეგაც ის ჩაიტანეს ქალაქ აღდამსა და ასკერანში.
თუმცა, აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი გაჩერებულია ბარდაში და მას ქალაქ ასკერანისკენ სეპარატისტები აფერხებენ, რასაც ბაქოში ვითარების დაძაბვის მცდელობად აფასებს. ბაქო ასევე ადანაშაულებს რუსეთის წითელ ჯვარს გეოპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობაში, ხოლო რუსეთიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას დადგმულ შოუს უწოდებს.