აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ ჰაჯიევი - აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის
საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის. ამის შესახებ ჰაჯიევი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ჰიქმეთ ჰაჯიევი აკრიტიკებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს.
„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა განიცადა სისხლიანი ეთნიკური წმენდა, აშშ აგრესორი სახელმწიფოს, სომხეთის გვერდით იდგა. დღეს, იგივე პოლიტიკა გრძელდება, იგივე ფორმით და გამოხატულებით. აკადემიურ ან პროფესიონალურ მიუკერძოებლობაზე პრეტენზია არასწორი იქნებოდა, რადგან უნივერსიტეტში „ადამიანის უფლებების“ პრაქტიკის პროფესორი სამანტა პაუერი თავის პროპაგანდისტულ წიგნში „პრობლემა ჯოჯოხეთიდან: ამერიკა და გენოციდის ეპოქა“ სრული დუმილით შემოიფარგლა უდანაშაულო აზერბაიჯანელი მოქალაქეების წინააღმდეგ სომხეთის მიერ ჩადენილ გენოციდთან და სისასტიკეებთან დაკავშირებით. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს, მას არასდროს გაუბედავს, დაეყენებინა აზერბაიჯანელი ლტოლვილებისა და დევნილების მძიმე მდგომარეობის საკითხი და არასდროს მოუთხოვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება, სომხეთის ოკუპაციის დაგმობაზე რომ არაფერი ვთქვათ“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი.
როგორც ჰაჯიევი წერს, „ავრორას პრიზის“ ქოლგის ქვეშ სამანტა პაუერი დაუახლოვდა ამ ფონდის დამფუძნებელს, ცნობილ ოლიგარქს და ფულის „გამთეთრებელ“ რუბენ ვარდანიანს, რომელიც ასევე აფინანსებდა სეპარატიზმს უკრაინაში. ჰაჯიევი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ევროპარლამენტის წევრები ვარდანიანის წინააღმდეგ ფულის „გათეთრების“ სქემების გამო სანქციების დაწესებას ითხოვდნენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მტკიცებით, ვარდანიანი ასევე გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს.
„აზერბაიჯანოფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია, მექრთამეობა და პოლიტიკური სპეკულაციები ე.წ. „ავრორას პრიზის“ ქვეშ ალბათ წარმოადგენდა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს რუბენ ვარდანიანსა და სამანტა პაუერს შორის. ნიღაბი მოხსნილია, აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის“, – წერს ჰაჯიევი.
„ავრორას პრიზი“ საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯილდოა, რომელიც გადაეცემა მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობების დროს გადარჩენილთა სახელით. პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი იყო. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სექტემბერში ლაჩინის დერეფანში, ყარაბაღის დატოვებისას დააკავა. სამანტა პაუერი „ავრორას პრიზის“ შესარჩევ კომიტეტს 2017 წელს შეუერთდა.
ჰიქმეთ ჰაჯიევი თავისი განცხადებით გამოეხმაურა სამანტა პაუერის მიერ სოციალურ ქსელ X-ში მანამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას, რომელშიც მან ყარაბაღელი სომხების დასახმარებლად მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადა.
„ორი თვის წინ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ მთიან ყარაბაღში აიძულა 100 ათასზე მეტი ადამიანი, დაეტოვებინათ სახლები და გადასულიყვნენ მეზობელ სომხეთში. აშშ განაგრძობს მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხების გვერდით დგომას. დღეს, აშშ აცხადებს დამატებით ოთხი მილიონი დოლარის გამოყოფას იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად. ჩვენ მადლობლები ვართ სომხეთის მთავრობის მათი გულუხვი მიღებისთვის და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რათა ადამიანებმა მიიღონ, რაც სჭირდებათ“, – წერს სამანტა პაუერი.
USAID-ის ხელმძღვანელის ცნობით, 2020 წლიდან აშშ-ის ჰუმანიტარულმა დახმარებამ ყარაბაღელი სომხების მხარდასაჭერად 28 მილიონი შეადგინა.