აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაწყვეტად, უკანონო სომხურმა ფორმირებებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ იარაღი, უკანონო რეჟიმმა კი თავი დაითხოვოს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ მთავარი მიზნები დასრულების სტადიაზეა. მისი თქმით, ძირითადი სამხედრო სამიზნეები განეიტრალებულია.
როგორც ჰაჯიევი აღნიშნავს, ბაქო მზად არის მთიან ყარაბაღთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა ამისთვის მათ იარაღი უნდა დაყარონ.
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხური მოსახლეობის წარმომადგენლები არაერთხელ მიიწვიეს რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, თუმცა ისინი ყველა ჯერზე უარს ამბობდნენ.
„ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაწყვეტად, უკანონო სომხურმა ფორმირებებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ იარაღი, უკანონო რეჟიმმა კი თავი დაითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, – აცხადებს ჰაჯიევი.