აზერბაიჯანის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - მადლობას გიხდით გულთბილი მიღებისთვის, პირველ რიგში, გადმოგცემთ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საუკეთესო სურვილებსა და მოკითხვას
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოკითხვა გადასცა.
როგორც ალი ასადოვმა აღნიშნა, საქართველოში აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას.
„მინდა, აზერბაიჯანის დელეგაციის, და პირადად ჩემი სახელით, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის. პირველ რიგში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საუკეთესო სურვილებსა და მოკითხვას გადმოგცემთ. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. მჯერა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და ჩვენი თანამშრომლობის სფეროების გაფართოება, ასევე მნიშვნელოვანი მეგაპროექტები, რომლებსაც ერთობლივად ახორციელებენ აზერბაიჯანი და საქართველო. ჩვენ გვექნება ამის განხილვის შესაძლებლობა. როგორც თქვენც აღნიშნეთ, წელს, 18 ნოემბერს ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, მაგრამ აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების ისტორია ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ჩვენი ხალხებისა და ერების ისტორია. ჩვენს ხალხებს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა, ურთიერთპატივისცემა და მეგობრული ურთიერთობა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.