აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი - ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს სხვადასხვა სფეროში
საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ყოველთვის არსებობდა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
ალი ასადოვმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე.
„ბატონო პრემიერო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს. ასევე, პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან მოკლე დროში თქვენს აზერბაიჯანში ჩამოსვლას მაღალ შეფასებას ვაძლევთ და მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ ურთიერთობებისადმი. ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და წარმატებებს გისურვებთ საქართველოს უფრო მეტად განვითარების საქმეში. საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ყოველთვის არსებობდა მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს ურთიერთობები უკვე სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გავიდა.
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ეთნიკურ წარმომადგენლებს, ანუ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯ ანში მცხოვრებ ქართველებს. მათ დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ ორმხრივად რეალიზებულ პროექტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება არამარტო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, არამედ რეგიონულ და ევროპასთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
თვის ბოლოს სამხრეთ ნაკადის შემადგენელი ნაწილის პროექტის, ტაპის რეალიზებით, შაჰდენიზიდან გაზის ევროპაში მიწოდებით, ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წლის 20 სექტემბერს თქვენი მონაწილეობით გაიხსნა ეს პროექტი.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში განვითარების დიდი პოტენციალი, მე ვგულისხმობ სხვადასხვა სფეროს, ეს არის: კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა და ა.შ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო დინამიურად განვითარების საქმეში“, – განაცხადა ალის ასადოვმა.