აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება დაამტკიცა
აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება დაამტკიცა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სხდომაზე განსახილველად გაიტანეს „აზერბაიჯანის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“, რომელსაც ხელი მოეწერა 2023 წლის 24 აპრილს ბაქოში და შედგება პრეამბულისა და 13 მუხლისგან.
შეთანხმების მიზანია, თავდაცვის სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაძლიერება, ასევე მხარეების მიერ მიღებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების პრაქტიკული საქმიანობის უზრუნველყოფა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განავითარონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სამხედრო განათლება, წვრთნა და წვრთნები, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, სამშვიდობო და ჰუმანიტარული ოპერაციები, კიბერუსაფრთხოება თავდაცვის სფეროში, თანამშრომლობა კარტოგრაფიის სფეროში და სხვა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ განხილვის შემდეგ დოკუმენტი კენჭისყრაზე გავიდა და დამტკიცდა.