აზერბაიჯანის მთავრობა აკრიტიკებს კიშინეუში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებას და აღნიშნავს, რომ ეს ხელს არ უწყობს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს
აზერბაიჯანის მთავრობა აკრიტიკებს კიშინეუში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს ხელს არ უწყობს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა.
როგორც ჰაჯიზადემ აღნიშნა, კიშინეუში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მონაწილეობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადება, ტრადიციულად, შარლ მიშელმა გააკეთა, როგორც ბრიუსელის ფორმატის ორგანიზატორმა.
„შეხვედრის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემდგომ ცალმხრივად გაკეთებული განცხადება არ ასახავს და ამახინჯებს მხარეთა პოზიციებს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთი ამგვარად იქცევა და არანაირად არ უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს, რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
კიშინეუში გამართული შეხვედრის შემდეგ ელისეის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ევროპელმა ლიდერებმა მოუწოდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, ასევე, მოუწოდეს ორ მეზობელ ქვეყანას, გაათავისუფლონ სამხედრო ტყვეები და თავი შეიკავონ მტრული რიტორიკისგან. ამას გარდა, მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრის მონაწილე სამმა დასავლელმა ლიდერმა ხაზი გაუსვა მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებებისა და გარანტიების განსაზღვრის მნიშვნელობას.