აზერბაიჯანის მმართველი პარტია სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მორიგ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციებს მიმართავს
აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯან“ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მორიგ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციებსა და პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს მიმართვას უგზავნის და ეუთო-ს მინსკის ჯგუფს პასიურობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. როგორც „ტრენდი“ იუწყება, მიმართვაში აღნიშნულია, რომ 27 სექტემბერს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმა განახორციელეს და მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი გაუხსნეს ფრონტისპირა ზონაში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიასა და დასახლებულ პუნქტებს. მიმართვაში ასევე ხაზგასმულია, რომ სომხეთის არმიის მიერ ტერტერის, აღდამის, ფიზულისა და ჯებრაილის რაიონებში ინტენსიური სროლის შედეგად, დაღუპულები და დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობას შორის, სერიოზული ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მორიგი პროვოკაციის აღკვეთის მიზნით, აზერბაიჯანის არმიამ მთელ ფრონტზე კონსტრუქციული ოპერაცია დაიწყო.
მიმართვა აზიური პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კონფერენციას, ცენტრალურ დემოკრატიულ ინტერნაციონალს, პარტიებს თურქეთის „სამართლიანობა და განვითარება, რუსეთის „ერთიანი რუსეთი“, ჩვენი სახლი – ისრაელი“, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, ასევე პაკისტანის, სამხრეთ კორეის, ბულგარეთის, სერბეთის მმართველ პარტიებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეგზავნათ.
„პარტია „ენი აზერბაიჯანი“ მოუწოდებს პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებსა და საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის უსაფრთხოებისთვის აზერბაიჯანის ბრძოლას, მის სამართლიან პოზიციას, დაფუძნებულს საერთაშორისო სამართალზე, მკაცრად დაგმონ 30 წლის განმავლობაში მიმდინარე სომხეთის აგრესიული პოლიტიკა და მიიღონ შემდგომი ზომები ოკუპაციის შესაწყვეტად და საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.
„მიუხედავად 1994 წლიდან მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა, სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის რეგიონ მთიან ყარაბაღში, ოკუპანტი ქვეყანა რეგულარულად ახორციელებს პროვოკაციებს ფრონტის ხაზზე და სასაზღვრო რაიონებში, სამიზნედ იღებს მშვიდობიან მცხოვრებლებსა და აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებს. მიმდინარე წლის ივლისში სომხეთმა სისხლისმღვრელი შეტაკება განახორციელა საზღვრის გასწვრივ, კონფლიქტის ზონის მიღმა არსებული აზერბაიჯანის რაიონ თოვუზის მიმართულებით, აგვისტოში კი დაზვერვით-დივერსიული ოპერაციის ჩატარების მცდელობა ჰქონდა კიდევ ერთ სასაზღვრო რაიონ გერანბოეში. ასეთი პროვოკაციებით სომხეთის ხელისუფლება ცდილობს გამიზნულად გადაიტანოს მოსახლეობის ყურადღება ხელისუფლების უნიჭო შიდა და გარე პოლიტიკის შედეგებისგან, გაღრმავებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისისგან, პანდემიასთან წარუმატებელი ბრძოლისგან და სხვა პრობლემებისგან“, – ნათქვამია მიმართვაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვითარების გამწვავება და სისხლისმღვრელი შეტაკებები წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების პასიურობის შედეგია, ისეთის როგორიცაა ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, რომელიც „არ ახორციელებს სათანადო ზეწოლას ოკუპანტ ქვეყანაზე, სომხეთზე“.