აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრი - ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს, ჩვენი თანამშრომლობა ფართო სფეროებსა და მიმართულებებს მოიცავს
საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის ძალიან კარგი მეგობარი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული და ახლაც, როდესაც ჩვენი ქვეყნები არიან დამოუკიდებელი, ის კავშირები კვლავ ნარჩუნდება და დინამიკურად ვითარდება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყნებს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნიათ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრმა, ქამრან ბაირამოვმა განაცხადა.
ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანი აცნობიერებს იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას მოაქვს რეგიონისთვის.
„ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს. ამასთანავე ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა ფართო სფეროებსა და მიმართულებებს მოიცავს. აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმავეს აკეთებს საქართველო განუხრელად. ორივე ქვეყანა ერთმანეთის ინტერესს ლობირებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში და იმის სადემონსტრაციოდ, რამდენად მაღალია მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, აღვნიშნავ, რომ ეს არის ილჰამ ალიევის მეთერთმეტე ვიზიტი საქართველოში მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს 2003 წლიდან და ეს აჩვენებს, რამდენად დაინტერესებულია ჩემი ქვეყანა თქვენს ქვეყანასთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ბაირამოვმა.
ქამრან ბაირამოვის თქმით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთ მთავარი თემა იყო მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.
„ლიდერებმა გააკეთეს განცხადება მედიისთვის და საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა დღის წესრიგში იყო მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველომ დაიწყო უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სამხრეთ კავკასიაში. ამის გარდა, ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს. აზერბაიჯანი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, რადგან აზერბაიჯანი საკუთარი ენერგეტიკული რესურსებისა და ტვირთების ტრანსპორტირებას ევროკავშირის მიმართულებით სწორედ საქართველოს გავლით ახდენს. ამ გადმოსახედიდანაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც“, – განაცხადა ბაირამოვმა.