აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი - გვაქვს გეგმა „მწვანე დერეფნების“ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომლებიც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის ნაწილი გახდება
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე განაცხადა, რომ „მწვანე დერეფნების“ გაერთიანება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის ნაწილი გახდება.
„თავდაპირველად ეს პროექტი განიხილებოდა როგორც პროექტი, რომელიც მეტ ენერგიას მიაწვდის ევროკავშირს კასპიიდან, თუმცა პარალელურად ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პროექტი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ყაზახეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. სამომავლოდ ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები ამ მწვანე დერეფნების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომლებიც გახდებიან, სავარაუდოდ, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის ნაწილი. ასე რომ, შეგვიძლია, ამ პროექტს აზია-ევროპის პროექტი ვუწოდოთ“, – აღნიშნა შაჰბაზოვმა.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთანხმებას, რომელიც შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანას უზრუნველყოფს. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. მწვანე დერეფნით, აზერბაიჯანიდან განახლებადი ენერგიის ევროპაში შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. პროექტის მონაწილეები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი.