აზერბაიჯანის დელეგაცია №16 პენიტენციურ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურასა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო
საქართველოში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი ფიქრათ მამადოვი, დელეგაციის წევრებთან ერთად, №16 დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებას ეწვია.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სტუმრებმა დეტალურად დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა; გაეცნენ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებს; მოინახულეს სასწავლო აუდიტორიები, მათ შორის დაწესებულებაში მოქმედი „ციფრული უნივერსიტეტის“ ფარგლებში გამოყოფილი სასწავლო სივრცე, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული პურის საცხობი.
„დელეგაციის წევრები დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ სამკერვალოს, ხისა და ტყავის საამქროებსაც ეწვივნენ, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული.
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი პირადად გაესაუბრა მსჯავრდებულებს, მათ შორის დაწესებულებაში მყოფ აზერბაიჯანელ პატიმარს.
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში, აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებთან ერთად, იმყოფებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე და უწყების წარმომადგენლები“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.