აზერბაიჯანი ყაზახეთს ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ წინადადებებს ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ ყაზახეთის ეროვნულ ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზს“ ბაქო-სუფსის მარშრუტთან დაკავშირებულ წინადადებებს ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო „ტრენდთან“ ინტერვიუში ბაქოში ვიზიტით მყოფმა „ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელმა, მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, „სოკარის“ პრეზიდენტთან, როვშან ნაჯაფარვთან შეთანხმდნენ, რომ კომპანია ყაზახურ მხარეს ბაქო-სუფსის მარშრუტთან დაკავშირებულ შეთავაზებებს ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს, მათ შორის, სატარიფო პოლიტიკის თაობაზე.
როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, აზერბაიჯანული მხარე განიხილავს ბაქო-სუფსის ნავთობსადენით წელიწადში სამი მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხს. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალმასადამ სატკალიევმაც დაადასტურა.
„განიხილება ბაქო-სუფსის მილსადენის გამოყენების შესაძლებლობა, რომლის გამტარუნარიანობა შეადგენს წელიწადში ხუთ მილიონ ტონას. ზოგადად, ამ მიმართულებით დისკუსიები გრძელდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, – განაცხადა მან.
როგორც „ტრენდი“ წერს, აზერბაიჯანმა ყაზახეთს ბაქო-სუფსის მილსადენის გამოყენება ჯერ კიდევ 2022 წელს შესთავაზა.