აზერბაიჯანი სომხეთს საზღვრისპირა რაიონში შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს, ერევანი ბრალდებებს უარყოფს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო საზღვართან მდებარე ბასარგეჩარის რაიონიდან, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გახსნეს ქალბაჯარის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ შესაბამისი ზომები მიიღო. მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად აზერბაიჯანის პერსონალს შორის დანაკარგები არ არის.
ერევანში აცხადებენ, რომ ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია და სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლდება.