აზერბაიჯანი სომხეთის არმიას სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი ბრალდებებს უარყოფს
აზერბაიჯანი სომხეთის არმიას სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ივნისს, 12:25 საათიდან 15:35 საათამდე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს კელბაჯარის რაიონის დასახლება მოლაბაირამლის მიმართულებით, მოპირდაპირედ მდებარე სომხური შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს.
სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.