აზერბაიჯანი ჯოზეფ ბორელს სომხეთის სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანი გმობს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებებს და სომხეთის სასარგებლოდ მიკერძოებაში სდებს ბრალს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, „ჯოზეფ ბორელის მიერ სომხური მხარის გამართლება, რომელმაც სამხედრო აგრესია ჩაიდინა, მიიჩნევა სომხეთის სამხედრო პროვოკაციების იგნორირებად“.
„სამწუხაროდ, ევროკავშირი უგულებელყოფს სნაიპერის გასროლის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაჭრას ხუთთვიანი სტაბილურობის შემდეგ, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე. აზერბაიჯანის მიერ პროვოკაციაზე საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები საკმაოდ ადეკვატური და ლოკალური იყო. ამ ზომებმა ასევე ხელი შეუშალა სომხეთის მცდელობებს, გაეფართოებინა სამხედრო ესკალაცია. ამავდროულად, კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წინადადება შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ, რომელსაც არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ევროკავშირის მხარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ სომხეთის მიერ „ევროკავშირის მისიის მფარველობით“ სასაზღვრო რაიონებში განლაგებული დაქირავებული ჯარისკაცები საფრთხეს უქმნიან აზერბაიჯანის სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, სომხეთის მიმართ ცალმხრივი პოზიციით, ჯოზეფ ბორელი ქმნის უფსკრულს აზერბაიჯანსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და, შედეგად, სრულად იზოლირებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისგან.
შეგახსენებთ, ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის სამხედროს მიმართ გასროლა სამწუხარო იყო, მაგრამ აზერბაიჯანის პასუხი არაპროპორციულია, იგნორირებას უკეთებს სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ ეს ინციდენტი სრულად იქნება გამოძიებული.
ბორელის თქმით, ინციდენტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ძალების დაშორიშორების გადაუდებელ აუცილებლობას, რასაც ევროკავშირი, დიდი ხანია, მხარს უჭერს.