აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან გასვლის პროცედურას განიხილავს. ეს საკითხი უკავშირდება საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რომლითაც აზერბაიჯანის დელეგაციას რწმუნებათა სიგელების დამტკიცებაზე უარს ეეთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.
აზერბაიჯანული დელეგაცია ასამბლეის გადაწყვეტილებას მუქარად და შანტაჟად აფასებს.
„ჩვენ ამ ინიციატივას განვიხილავთ, როგორც აზერბაიჯანის საარჩევნო პროცესში ჩარევის განზრახულ, მიუღებელ მცდელობას და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების ძირის გამოთხრის მავნე ქმედებების ნათელ მაგალითს. ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარი გახდება სერიოზული დარტყმა ევროპის საბჭოს ავტორიტეტსა და მიუკერძოებლობაზე. ამის სერიოზულ და შეუქცევად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრებათ მის ინიციატორებს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის განცხადებაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანის დელეგაციამ ამ საკითხზე 24 იანვარს გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას წყვეტენ.