აზერბაიჯანი და სომხეთი სასაზღვრო ზონაში სროლების შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ნოემბერს, დღის საათებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია და ქელბაჯარისა და ლაჩინის მონაკვეთებზე არსებული აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს ყუმბარმტყორცნებიდან, ასევე სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან.
თავდაცვის უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით დაჭრილია ორი აზერბაიჯანელი სამხედრო. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა არმიამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ უკან დაიხია. როგორც აღინიშნა, ამჟამად ინციდენტის ადგილას ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის სმხედრო შენაერთები აკონტროლებენ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.
თავის მხრივ, სომხეთი ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანულ მხარეს სდებს ბრალს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ სასაზღვრო ზონაში არტილერიის, ჯავშანტექნიკის და სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოზიციების მიმართულებით. თავდაცვის უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით დაჭრილია ოთხი სომეხი სამხედრო, სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლით უპასუხა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვითარება ინციდენტის ადგილას კვლავ დაძაბულია და საბრძოლო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.