აზერბაიჯანი და სომხეთი სასაზღვრო რაიონში ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი სასაზღვრო რაიონში ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15:10 საათიდან 17:35 საათამდე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სცადა სამუშაოების ჩატარება აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინ თხრილის საინჟინრო გაუმჯობესების მიზნით, თოვუზის რაიონის დასახლებების – ხაჯალის, აღბულაგის, აგდამის, გარალარის, კოხნე გიშლაგისა და გადაბაის მიმართულებით შემდგომი პროვოკაციებისთვის ნიადაგის შესაქმნელად. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად სამუშაოები მაშინვე შეწყდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, 17:25 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბერდის რაიონის ჩინარლის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც განლაგებულია თოვუზის რაიონის მუნჯუღლუს დასახლების მიმართულებით.
პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად, 5 აპრილს, 17:05 საათზე სოფელ ჩინარლისთან (ტავუშის რაიონი) და 17:30 საათზე სოფელ ვერინ შორჟასთან (გეღარქუნიკის რაიონი) აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სომხურ პოზიციებს ცეცხლი გახსნეს. სომხეთის თავდაცვის უწყება დეზინფორმაციას უწოდებს აზერბაიჯანის განცხადებას სომხური პოზიციებიდან ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით.