აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პუნქტიდან დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მესაზღვრე ოფიცერი დაიჭრა.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, 10 აპრილს, დაახლოებით 15:20 საათზე გუბადლის რაიონის დასახლება ჯიჯიმლის ტერიტორიაზე განლაგებული სასაზღვრო საბრძოლო პუნქტიდან დადგინდა, რომ სომხეთის სოფელ ნერკინ ხნძორესკიდან ორმა პირმა დაარღვია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეში 200 სული პირუტყვი გადაიყვანა.

„აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მესაზღვრეს, რომელიც ხელს უშლიდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევას, ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პუნქტიდან, რის შედეგადაც დაიჭრა უფროსი ლეიტენანტი როვშან მამედოვი“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

პარალელურად, სომხური მედია წერს, რომ ერთ-ერთ მწყემსს აზერბაიჯანის საზღვართან გზა აებნა და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მწყემსის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ხანმოკლე პოზიციური სროლა იყო.