აზერბაიჯანელი დეპუტატი მაზაჰირ ეფენდიევი აქვეყნებს სტატიას სათაურით - „საქართველოში ამომრჩევლებმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს“
აზერბაიჯანელი დეპუტატი მაზაჰირ ეფენდიევი აქვეყნებს სტატიას სათაურით - „საქართველოში ამომრჩევლებმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს“

„საქართველოში ამომრჩევლებმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს“, – ამ სათაურით სტატიას აზერბაიჯანული ვებგვერდ „ბაკუთაიმზე“ აზერბაიჯანელი დეპუტატი, მაზაჰირ ეფენდიევი აქვეყნებს.

ავტორი აღნიშნავს, რომ „31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც დამკვირვებლის სტატუსით მიწვეული იყო აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაცია“.

„საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მოძმე საქართველოს რესპუბლიკის მიერ იყო ორგანიზებული, ამ კარანტინის პერიოდში, რომელსაც დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ აზერბაიჯანელი დეპუტატები არზუ ნაგიევი, ამინე აღაზადე და ასევე მე, მაზაჰირ ეფენდიევი, წარმატებულად დასრულდა. პირველად საქართველოს ისტორიაში საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში გაიმართა და დაცული იყო კარანტინის პირობები და წესები. არჩევნებს დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლები უწევდნენ მონიტორინგს, პროცესს თვალს ადევნებდნენ უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტები, ასევე დამკვირვებელთა ჯგუფები არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების მხრიდან. საერთო ჯამში, კანონის დარღვევა ან სერიოზული ჩარევა საარჩევნო ოლქებში, სადაც საარჩევნო პროცესს აზერბაიჯანელი დეპუტატები აკვირდებოდნენ, არ გამოვლენილა. საერთო ჯამში, მიღებული იყო ყველა საჭირო ზომა, რათა მოქალაქეებს ხმა მიეცათ“, – წერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო და წინასწარი მონაცემებით გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“. პუბლიკაციაში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ ეუთო-ს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო დელეგაციების შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები და პროცესი კონკურენტული იყო.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეფონით დაურეკა გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს და გამარჯვება მიულოცა“, – წერს აზერბაიჯანელი დეპუტატი.