აზერბაიჯანელი ბანკირის მეუღლემ ლონდონში ერთ დღეში 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ტკბილეული იყიდა
აზერბაიჯანელი ბანკირის მეუღლემ ლონდონში ერთ დღეში 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ტკბილეული იყიდა

აზერბაიჯანელი ბანკირის მეუღლემ ლონდონის მაღაზიაში ერთ დღეში 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ტკბილეული იყიდა.

საქმე ეხება აზერბაიჯანში გასამართლებულ ჯახანაგირ გაჯიევის მეუღლეს, ზამირას. ზამირა გაჯიევა პირველი უცხოელია, რომელიც დიდ ბრიტანეთში უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით დააკავეს.

როგორც სასამართლოს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, 10 წელიწადში ზამირა გაჯიევამ სუპერმარკეტ „ჰაროდსში“ 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა.

სასამართლოს მოთხოვნით საჯარო გახდა გაჯიევას სახელზე გაცემული ქვითრები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აზერბაიჯანელი ფინანსისტის მეუღლემ 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი სათამაშოებში, 5,75 მილიონი – სამკაულში, 300 ათასი – ტანსაცმელში, 24 ათასი კი, ყავასა და ჩაიში დახარჯა. აზერბაიჯანელმა ქალმა მეუღლის ბანკის მიერ გამოშვებული 35 საკრედიტო ბარათი გამოიყენა.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე იკვლევს, როგორ შეძლო 55 წლის გაჯიევამ და მისმა მეუღლემ ლონდონის პრესტიჟულ უბანში აგარაკის ყიდვა, რომლის ფასიც 11.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია და ასევე როგორ შეიძინეს გოლფკლუბი, რომელიც 10.5 მილიონ სტერლინგადაა შეფასებული.

გაჯიევას აზერბაიჯანში დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში სდებენ ბრალს, ის ლონდონში ნოემბერში დააკავეს, შემდეგ კი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.