გერმანული Bild-ი - აზერბაიჯანის მთავრობა ანგელა მერკელის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს
ზერბაიჯანის მთავრობა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
საუბარია, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრზე, დეპუტატ ალბერტ ვაილერზე.
ვაილერი სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენელია. ის 2014 და 2016 წლებში აზერბაიჯანის კანონმდებლობის დარღვევით მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა.
გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლების მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ელჩთან, წარუმატებელი აღმოჩნდა. აზერბაიჯანელმა დიპლომატმა გერმანელ პოლიტიკოსს „არასასურველი ადამიანი უწოდა“ და აღნიშნა, რომ ეს არის აზერბაიჯანის უმაღლესი პოლიტიკური წრეების გადაწყვეტილება.
თავად ვაილერმა აღნიშნა, რომ მისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობა მნიშვნელოვანია.
„მე მაღელვებს ამ რეგიონში მშვიდობის საკითხი და ვცდილობ, შუამავლის როლი შევასრულო. აზერბაიჯანს უყვარს საკუთარი თავის დემოკრატიულ სახელმწიფოდ წარმოჩენა. ქვეყნის არჩეული წარმომადგენლის წინააღმდეგ ამ აქციას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან“, – განაცხადა ალბერტ ვაილერმა Bild-თან საუბრისას.
ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა.
გერმანიის კანცლერი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება, სამხრეთ კავკასიურ ტურნეს კი, აზერბაიჯანში დაასრულებს.