აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის ან აზარტული თამაშობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება
აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის ან აზარტული თამაშობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელებაზე შეზღუდვები წესდება.
შესაბამისი ცვლილებები „რეკლამის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები ირაკლი ბერაია, რატი იონათამიშვილი და გოგა გულორდავა არიან.
კანონპროექტის გათვალისწინებით, იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება გარდა იმ შემთხვევისა, თუ – აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც აზარტული თამაშობა ან ტოტალიზატორი ეწყობა; აღნიშნული რეკლამის გავრცელება სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლო პირობაა; ასევე აღნიშნული რეკლამა გარე რეკლამაა და იგი ზოგადსაგანმანათლებლო და რელიგიური დაწესებულებებიდან არანაკლებ 100 მეტრის დაშორებით განთავსებით ვრცელდება; აგრეთვე, აღნიშნული რეკლამა ვიზუალურად განთავსებულია იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა ან ტოტალიზატორი ეწყობა. ამ თვალსაზრისით ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ უნდა აღემატებოდეს და იგი აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ ერთადერთი რეკლამა უნდა იყოს აღნიშნულ ობიექტზე.
ამასთან, ცვლილებებით, დაუშვებელი იქნება ერთზე მეტი აბრის განთავსება და ასეთი აბრის 10 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის არსებობა იმ ობიექტზე, სადაც აზარტული თამაშობა ან ტოტალიზატორი ეწყობა, ასევე აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ ინფორმაციაა შემცველი.