აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანიას ბათუმში სტუდენტები შეუერთდნენ
„აზარტული თამაშები კლავს”, – ამ მოწოდებით ქვეყანაში დაწყებულ კამპანიას ბათუმში სტუდენტთა ერთი ნაწილი შეუერთდა.
დღეს მათ აქცია სასტუმრო „ჰილტონის“ წინ გამართეს და ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს.
„პირველი, სასწრაფოდ, აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტული, ან მომგებიანი თამაშობის [გარდა წამახალისებელი გათამაშებისა] მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში [მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში] მონაწილეობა და რეგისტრაცია. ამ დრომდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუჩერდეთ სტატუსი და შეეზღუდოთ თამაშის უფლება; მოხდეს აკრძალვის ზედმიწევნითი აღსულება. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ სასწრაფოდ გამოყოს სახსრები ლუდომანიით დაავადებულთა დასახმარებელი/ პრევენციული პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად.
მეორე, სასწრაფოდ, სრულად აიკრძალოს, როგორც სახმელეთო, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა მათ შორის უნდა შეეხოს ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტ მედიას, სოციალურ მედიას, ციფრულ ვებ-გვერდებს, ბლოგებს, გარე რეკლამებს განთავსებულს ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ავტობუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და ა.შ.
მესამე, სასწრაფოდ გამკაცრდეს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირება. ამასთან მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა.
მეოთხე, სასწრაფოდ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხმელეთის კაზინოები განთავსდება კონკრეტულ სპეციალურ ტურისტულ ზონებში“, – აცხადებენ აქციის მონაწილე სტუდენტები.