აზარტული და მომგებიანი თამაშებისთვის მოწყობილი შენობა-ნაგებობების ავტომატური ვიდეოტექნიკით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
აზარტული და მომგებიანი თამაშებისთვის მოწყობილი შენობა-ნაგებობების ავტომატური ვიდეოტექნიკით აღჭურვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები აღჭურვილი ავტომატური ვიდეოტექნიკით უნდა იყოს. მსგავს ვალდებულებას ის ახალი საკანონმდებლო ცვლილებები განსაზღვრავს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და 10 ივნისის ბიუროს სხდომაზე ინიცირება მოხდება.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ზემოთ აღნიშნული შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილი მუდმივი დენის წყაროთი უნდა იყოს, დარბაზი, სალარო, შესასვლელი და გარე პერიმეტრი ავტომატური ვიდეოტექნიკით უნდა იყოს აღჭურვილი და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

კანონპროექტით კონკრეტდება ისიც, რომ დარბაზში, სალაროსა და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მუშაობის მთელ პერიოდში უნდა მიმდინარეობდეს, გარე პერიმეტრზე მუდმივად, ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით კი, არანაკლებ 30 დღის განმავლობაში უნდა ინახებოდეს, რათა დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოებს წარედგინოს.

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები ვალდებული იქნებიან, შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე მოიყვანონ.