აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. კანონპროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, რომლის ინიცირება 5 ივლისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღებას დაექვემდებარება თამაშობების ან არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება როგორც თამაშობის ორგანიზატორისთვის (საქართველოში აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის), ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ პირისთვის. ცვლილებებით, აღნიშნული პირები ვალდებული იქნებიან, თავიანთი საქმიანობა განახორციელონ აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე. მთავრობა აღნიშნავს, რომ თუ რამდენ პირზე იქონიებს გავლენას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი პირი მიმართავს შესაბამისი ნებართვის ასაღებად შემოსავლების სამსახურს. დღეს მოქმედი კანონით, აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი წელიწადში – 100 000 ლარია.
„დღეს მოქმედი რეგულაციის შესაბამისად აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევისა, რაც აფერხებს სათამაშო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევებისა და ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით კი, ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილი იქნება. განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელთა გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის. აღნიშნული ცვლილებით ფართოვდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და კონტროლის მექანიზმების ეფექტურ შემუშავებას/აღსრულებას“, – განმარტავს მთავრობა.