მადრიდის „რეალის“ ახალწვეული ედენ აზარი 2019-20 წლების სეზონისთვის სათამაშო ნომერზე ჩამოყალიბდა. ბელგიელმა აირჩია 23-ე ნომერი, – წერს გაზეთი „მარკა“ (Marca). წყაროს ცნობით, ამგვარი არჩევანი იმით არის განპირობებული, რომ 23-ე ნომრით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობდა მაიკლ ჯორდანი. ცნობილია, რომ აზარი კალათბურთის დიდი თაყვანისმცემელია.
ასე რომ, „რეალში“ მე-7 ნომერი მარიანო დიასს დარჩება. თავდაპირველად, აზარს სურდა მე-10 ნომრის აღება, მაგრამ ამ რიცხვის დათმობა არ მოისურვა „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ლუკა მოდრიჩმა.
ადრე, 23-ე ნომრით „რეალში“ თამაშობდნენ დევიდ ბექჰემი, მესუთ იოზილი და ისკო, რომელმაც შემდეგ 22-ე ნომერი აიღო.
28 წლის ბელგიელმა მადრიდულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 2024 წლის 30 ივნისამდე. არაოფიციალური ინფორმაციით, „ჩელსიმ“ აზარის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო მიიღო. მისი ხელფასი წელიწადში 11 მილიონი ევრო იქნება. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ კაპიტან სერხიო რამოსს ჩამორჩება, რომელიც წელიწადში 12 მილიონს იღებს.