„აყურებინეთ იაგო ხვიჩიას ელ კლასიკო“ - პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია გაიმართა
„აყურებინეთ იაგოს ელ კლასიკო“, – ამ მოთხოვნით საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფანკლუბის წევრებმა დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან აქცია გამართეს.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, „გირჩის“ დაკავებული წევრი იაგო ხვიჩია საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ გულშემატკივარია. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იმართება კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის, აქციის მონაწილეებმა მიმართეს სამართალდამცველებს, იაგო ხვიჩიას საფეხბურთო მატჩის ყურების უფლება მიეცეს.
დიღმის სამმართველოსთან გამართულ აქციას „გირჩის“ წევრები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნის შესახებ სამმართველოს წერილობითაც მიმართეს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩის“ წევრებს იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.