„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს
„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. ინდივიდუალური ექსპო გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.

სააგენტოს ინფორმაციით, აქამდე თუ კომპანიები მონაწილეობას იღებდნენ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში, ახალი პროგრამა მათ საშუალებას მისცემს, ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა სასურველ საერთაშორისო გამოფენაში და სააგენტოსგან ფინანსური დახმარება მიიღონ.

„მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს წლის განმავლობაში შეუზღუდავად ექნებათ განაცხადის შევსების და დადგენილი ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, რაც დამატებით წაახალისებს ქართული პროდუქტის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას და პოპულარიზაციას.

პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ერთი კომპანიის მიერ შესაძლებელი იქნება, მაქსიმუმ, 5 000 ერთეულის (ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი) ათვისება ერთდროულად ან ეტაპობრივად. სააგენტო კომპანიებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისას სივრცის ქირავნობის, სტანდარტული სტენდის მშენებლობისა და რეგისტრაციის ხარჯებს აუნაზღაურებს.

Სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ყოველწლიურად ორასამდე ქართული კომპანია მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მიმართულებით. ახალი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამშენებლო კომპანიები, – აცხადებენ სააგენტოში.