ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა [ვიდეო]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„ბოლო პერიოდში მიღებული ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ტექნიკური ინსპექტირების ზემოაღნიშნულ ცენტრებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.