ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილება შევიდა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილება შევიდა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებებით განისაზღვრა გარდამავალი ეტაპები და ავტომფლობელებს მიეცათ გონივრული ვადა ხარვეზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად.

მათივე ცნობით, ამავე დროს, გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც ცალსახად მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად.

ცვლილების თანახმად, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან.

„მათთვის სავალდებულო იქნება შემდეგი პარამეტრების დაცვა – CO-ს შემცველობის ევროპული სტანდარტი (0.5% და 0.3%), კატალიზატორის არსებობის მოთხოვნა და ლამბდა კოეფიციენტი (1 +-0,03).

ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ დადგინდა შემდეგი ეტაპები: 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.7 პროცენტი; 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.6 პროცენტი; 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5 პროცენტი და 0.3 პროცენტი მაღალ ბრუნზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გარდამავალი ეტაპების განსაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, ეტაპობრივად შეაკეთონ საკუთარი ავტოტრანსპორტი, ვიდრე ტექინსპექტირებაზე გაატარებენ.

ცვლილების თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულებამ.

მიხეილ ხმალაძის განცხადებით, მათი არსებობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ხოლო რაც შეეხება სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის აღნიშნული საშეღავათო პირობები ისედაც არ ვრცელდება.

ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდეგ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილს, ამ თარიღიდან რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შევიდა, რომელთა ნახვაც უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდებზე.