ავტორიზაცია გაუქმებული სასწავლებლების სტუდენტებს მიღებას შვიდი უნივერსიტეტი სთავაზობს
იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომლებსაც გაუუქმდა ავტორიზაცია, ასევე იმ პროგრამების სტუდენტებისთვის, რომლებმაც აკრედიტაცია ვერ მიიღეს, რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს ეხება შემდეგი სასწავლებლებისა და პროგრამების სტუდენტებს: შპს ამერიკის ბიზნესის აკადემია, შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ჰიპოკრატე, შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიისა და შპს გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა და სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ტიპოლოგიური ლინგვისტიკა, ქართული ლიტერატურა) სადოქტორო პროგრამა.
ამჟამად ამ სტუდენტებს ვაკანტურ ადგილებს შემდეგი უნივერსიტეტები სთავაზობენ:
1. სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
2. სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3. სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
4. სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
6. შპს – თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
7. სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
რიგგარეშე მობილობა განხორცილედება გამარტივებული წესით და მობილობის პროცესის ადმინისტრირებისთვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ვებგვერდზე 26 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები;
სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები – 2018 წლის 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით.
რიგგარეშე მობილობაზე კონსულტაციის მისაღებად, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1), ასევე დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220 (*3599), ან მისწერონ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].