ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ველომსვლელობა მიმდინარეობს [ფოტო]
ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ველომსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობამ სტარტი უნივერსიტეტის ქუჩაზე, თსუ-ის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების გავლით, შარტავას ქუჩაზე თბილისის მერიის წინ, სკვერში დასრულდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპორტსმენები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელშეწყობა და ნამდვილად ასეთია ველოსიპედი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევამციროთ დედაქალაქსა და ჩვენს ქალაქებში ავტომობილების რაოდენობა, გვქონდეს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რაც მთავარია, კარგი ინფრასტრუქტურა ფეხით მოსიარულეებისთვის. ყველას ვურჩევ და რა თქმა უნდა, პირადად მეც მხარს ვუჭერ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ქალაქსა და ქვეყანაში ჩნდება ინფრასტრუქტურა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში. ყველას ვურჩევ, ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობაში, მათ შორის ფეხით სიარული არის მშვენიერი იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც არ ჰყავს ველოსიპედი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
ველომსვლელობას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით მართავს.