ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია - ავტომობილების რიცხვი, რომელიც ყოველწლიურად ტექნიკურ ინსპექტირებას გადის, მცირდება
2021 წლის 11 თვეში ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 713 623 ავტომობილმა გაიარა. საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, იმ მანქანების რიცხვი, რომელიც ყოველწლიურად ტექნიკურ ინსპექტირებას გადის მცირდება.
ასოციაციიდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სრულად ინსპექტირებული ავტომობილების რიცხვი 423 832-ით შემცირდა.
2019 წელს იანვარ-ნოემბერში სრულად ინსპექტირებული 1 137 455 ავტომობილი იყო.
მონაცემები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე როდესაც 2019 თან შედარებით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვი 146 394-ით არის გაზრდილი.
2019 წელს საქართველოში რეგისტრირებული 1 375 794 ავტომობილი იყო დღეს ეს რიცხვი 1 522 188-ს შეადგენს.
ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი აღსრულების მექანიზმში არსებული პრობლემებია. მათი მოთხოვნაა, საპატრულო პოლიცია გადამზადდეს და დაიწყოს ე.წ. გზისპირა ინსპექტირება. დავით მესხიშვილის აზრით, მსგავსი მიდგომა მომავალში მძღოლებს ინსპექტირებისკენ უბიძგებს.