ავტომფლობელებისთვის, რომელთა მანქანას ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს, სანქციების გამკაცრება იგეგმება
ავტომფლობელებისთვის, რომელთა მანქანას ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს, სანქციების გამკაცრება იგეგმება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომფლობელებისთვის, რომელთა სატრანსპორტო საშუალებასაც ტექნიკური ინსპექტირება არ აქვთ გავლილი, ადმინისტრირების გამკაცრებას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, ავტომობილის დაჯარიმება თვეში ერთხელ ხდებოდა, თუმცა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე შსს ცვლილებების პაკეტის ინიცირებას გეგმავს, სადაც დაზუსტდება, რომ სამართალდარღვევაზე რეაგირება 72 საათში ერთხელ მოხდეს.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო. საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დავაინიცირებთ ცვლილებების პაკეტს, სადაც დაზუსტდება, რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ამ სამართალდარღვევაზე ადმინისტრირება, ანუ დაფიქსირება და დაჯარიმება. პარლამენტის მიერ შეფასდება, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი მკაცრი მიდგომა სამართალდარღვევის ჭრილში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა.