ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, ჩიქოვანის N19-ში არსებული სკვერი გაფართოვდება
ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, ჩიქოვანის N19-ში არსებული სკვერი გაფართოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, სიმონ ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი) N19-ში არსებული მოსასვენებელი სივრცე გაფართოვდება და ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ დაახლოებით 30 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.
ჩიქოვანის N19-თან დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვახტანგ შაქარიშვილთან ერთად შეხვდა.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 30 ერთეული ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ადგილობრივი მოსახლეობა პროცესში აქტიურადაა ჩართული. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი სივრცე გათავისუფლდა, სადაც ძალიან კარგი სკვერი გაკეთდება. ასევე, მოეწყობა ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები. სიმახინჯეების ნაცვლად, აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საუკეთესო დასასვენებელი და გამწვანებული სივრცე იქნება. მიხარია, რომ მოსახლეობა გვერდში გვიდგას და აღნიშნულ პროექტს ერთად ვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინიციატივის შემდეგ, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, რამდენიმე ათეული ავტოფარეხის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, რომლის ნაცვლად, ტერიტორიაზე კეთილმოეწყობის სამუშაოები განხორციელდება და მოსასვენებელი სივრცეები განთავსდება.