ავტობუსში 17 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა
ავტობუსში 17 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ი.პ. დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ, ნომერ 140-ე ავტობუსში მგზავრობისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ კ.მ-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კ.მ. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს და დაათვალიერეს ავტობუსის შიდა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მომხდარი ფაქტი.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.