ავტობანზე გაჩერებული ავტობუსის მძღოლი და კიდევ ერთი პირი პოლიციამ ამ დროისთვის გაათავისუფლა
ავტობანზე გაჩერებული ავტობუსის მძღოლი და კიდევ ერთი პირი პოლიციამ ამ დროისთვის გაათავისუფლა

ავტობანზე გაჩერებული ავტობუსის მძღოლი და კიდევ ერთი პირი პოლიციამ ამ დროისთვის გაათავისუფლა. ავტობანზე ავტობუსი, რომელსაც ჟურნალისტები ბაკურიანიდან თბილისში მიჰყავდა, სამართალდამცველებმა დღეს გააჩერეს.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის მიერ ორგანიზებული სემინარიდან ბრუნდებოდნენ. მგზავრების თქმით, მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა, ცოტა ხანში ავტობუსი გადააყენა, ჩავიდა და ერთ პირს შეხვდა, რომელიც ავტობანზე ტაქსით მივიდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა და ადგილზე მისულმა პირმა სავარაუდოდ ერთმანეთში რაღაც გაცვალეს. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ სამართალდამცველები. ავტობუსის მძღოლი ჩხრეკის და ადგილზე გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო მეორე პირი საპატრულო ეკიპაჟის მანქანით სავარაუდოდ განყოფილებაში წაიყვანეს.

ავტობუსის მძღოლი და მგზავრები ხაშურის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკა სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

„სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ხაშურთან გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩხრეკა ჩაატარა. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალებამ მძღოლთან და მგზავრებთან ერთად განაგრძო გზა. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები“,- განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.