საქსტატის პირველ კვარტალის მონაცემებით, ავტოავარიებში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს გზებზე ავტოავარიების შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 1779. წინა წლის იგივე პერიოდში ანალოგიური მიზეზით 107 ადამიანი დაიღუპა და 1 986 დაშავდა. ინფორმაციას შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 1302 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა (გასული წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 1428 იყო), მათ შორის სიმთვრალით გამოწვეული იყო 50.
შეგახსენებთ, 2017 წლის პირველი ივლისიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა ძალაში, რომელთა თანახმად ამოქმედდა ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება.
კანონის გამკაცრების მიზეზად გზებზე ავარიებისა და ამის შედეგად დაღუპულთა მაღალი მაჩვენებელი დასახელდა.