ავთანდილ წერეთელი - სხვებს როგორც აშინებდნენ, ისე მაშინებდნენ მეც, ადეიშვილმა მითხრა, წახვალ ანაკლიაში, იყიდი მიწას და ააშენებ სასტუმროსო
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დაიკითხა.
როგორც ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, მან 16 მილიონი სესხად მისცა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
„დღევანდელ დღეს ვარ პენსიონერი, ჩემს თავს ვეძახი ბიზნესმენს. დაახლოებით 200-300 მილიონის ბრუნვები ჰქონდა კომპანიებს 2007-2008 წლებში, როდესაც კომპანიებს ვფლობდი. ისეთი დებილი არა ვარ, რომ ვიღაცას 16 მილიონი მივცე და მერე არ დამიბრუნოს, ან ხაზარაძეს ჯაფარიძეს რაში სჭირდებოდა ბანკის გადაგდება ან მე რაში მჭირდებოდა. როდესაც მთხოვეს სესხი, მაგას წინ უძღოდა წინა წლები, ნასესხები ჰქონდათ დიდი თანხები და უკან ჰქონდათ დაბრუნებული. ბერუაშვილი იყო ჩვენი ფინანსური მენეჯერი და ვუთხარი ასეთი წინადადებაა, წადით გაიარეთ თუ გაწყობთ ნახეთთქო, მე საერთოდ არაფერზე არა მაქვს ხელი მოწერილი. 2008 წლამდე მე ბევრი თანხა მისესხებია“, – განაცხადა წერეთელმა.
ადვოკატის კითხვაზე, რამ გამოიწვია კრედიტის გადავადება, ავთანდილ წერეთელმა აღნიშნა, რომ ეს იყო ომის პერიოდში.
„ომის დროს, როცა ჩამოინგრა ყველაფერი, ვისაც ეხებოდა იმათმა მიიღეს გადავადებაზე გადაწყვეტილება ბერუაშვილმა და დირექტორებმა. იყო კომპანია „სამგორი პლუსი“, რომელიც გაკოტრდა. არავის არ ეპატია, გამაშავა ბანკმა. „სამგორმა“ ვერ შეძლო ამ თანხის დაბრუნება, ველოდებოდით, რომ გადავადდებოდა ეს თანხები, „სამგორს“ იმ მომენტში არ ჰქონდა საშუალება.
პროკურორის კითხვაზე, რას უკავშირდებოდა საკრედიტო ხაზი და რატომ ახსენა მან სასტუმროს მშენებლობა, ავთანდილ წერეთელმა აღნიშნა: „სასტუმროს მშენებლობა უნდა დამეწყო, განზრახული არ მქონდა, დავალება მქონდა, როგორც აშინებდნენ სხვებს, ისე მაშინებდნენ მეც, ადეიშვილი ზუსტად, თუ გინდათ, წახვალ ანაკლიაში, იყიდი მიწას და ააშენებო“.
„2008 წელს, როდესაც პრობლემური გახდა სესხი, არ ვიცოდი, გადავადება რა თქმა უნდა, მეცოდინებოდა. ჩემი თავდებობა არა მარტო ჩემს კომპანიაზე იყო, არამედ ყველა კომპანიაზე იყო. ჩემს ანგარიშზე მაშინ იყო 80 მილიონი. 250 ათასი ჩარიცხული ჰქონდათ, რომ გაუვიდა ვადა, ეგრევე დაფარეს. მე ქეში მახსოვს, მაგრამ შეიძლება ჩაირიცხა კიდეც“, – განაცხადა წერეთელმა.
პროკურორმა ავთანდილ წერეთელს ჰკითხა, „როდესაც დაგიდგათ გადავადება, თქვენ თქვით, რომ სოლიდური თანხა გქონდათ და აქტივით რატომ არ მოხდა დაფარვა“, რაზეც ბიზნესმენმა აღნიშნა: „თქვენ მითხარით ზოგადად, რა თანხა გქონდათო და მე მაგაზე გიპასუხეთ, თორე საქართველოშიც ვიცი ბანკები და საზღრვარგარეთაც“.
მისივე თქმით, კომპანიები გადახდისუუნაროები 2008 წლის ომის შემდეგ გახდნენ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.